დაფინანსების ტიპები
- წილი - გულისხმობს სტარტაპის განვითარების ადრეულ ეტაპზე მინორიტარული წილის შეძენას. „წილი“ წარმოადგენს ინვესტირების ყველაზე რისკიან ფორმას, რადგან წილის შეძენა ხდება დამწყებ საწარმოში, რომლის ბიზნეს-მოდელი და მოგების გენერირების პოტენციალი ჯერ კიდევ არ არის მკაფიოდ დასაბუთებული. ბიზნესის წარმატების მაჩვენებელი დაბალია, მაგრამ წარმატების შემთხვევაში მოსალოდნელია მაღალი უკუგება ინვესტიციაზე.
- სესხი - ამ ინსტრუმენტით დამწყები ან უკვე მოქმედი მცირე ბიზნესი იღებს სესხს. რისკის დონე უფრო დაბალია, ვიდრე წილის შემთხვევაში, მაგრამ ინვესტორს (კრედიტორს) მაინც აქვს თანხის დაკარგვის რისკი თუ ბიზნესი გადახდისუუნარო გახდება. სესხის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში კრედიტორებს შეუძლიათ მოითხოვონ გადახდისუუნარობის პროცედურის დაწყება, რასაც მოყვება კომპანიის გაკოტრება ან რეაბილიტაცია. ამ დროს არსებობს სესხის მთლიანად ან ნაწილობრივ ამოღების შესაძლებლობა, მაგრამ არა გარანტია.
- ჯილდო - სახალხო დაფინანსების შედარებით დაბალრისკიანი ფორმა, როცა „ინვესტიცია“ გულისხმობს სტარტაპის მხარდაჭერას, რის სანაცვლოდ შემომწირველი მომავალში მიიღებს გარკვეულ ჯილდოს/სარგებლს. ჯილდო შესაძლოა წარმოადგენდეს სიმბოლურ საჩუქარს შემომწირველისთვის ან მასთან შეთანხმებული სხვა პირებისთვის, ან მომავალში გამოშვებულ ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებით გარკვეულ უფლებას (უპირატესად ან ფასდაკლებით/დისკაუნტით შეძენა) ან სხვა უპირატესობას (ფასდაკლება, მნიშვნელოვანი კლიენტის სტატუსი ან ლოიალურობის ქულები) აძლევდეს შემომწირველს. „ჯილდოს“ ფორმით დაფინანსება ახალგაზრდა ბიზნესის მხარდაჭერის, მასზე დაკვირვებისა და მისი შესწავლის ეფექტური ფორმაა, რომელსაც შესაძლოა მოყვეს სხვა ინსტრუმენტებით (წილი ან სესხი) დაფინანსება.